„თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ ამ გზით წავიდოდი, რადგან ბიზნესი, რომელსაც ვაკეთებ, ძალიან მიყვარს,“- ამის შესახებ, ბიზნესმენი, „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნესბლიცი“ 2017 წელს აცხადებდა.
„გიყვარდეთ საქმე, რომელსაც იწყებთ, შრომისთვის გადადეთ თავი, პასუხისმგებელი იყავით თქვენს ქმედებაზე და გაუფრთხილდით სიტყვას, იცოდეთ სიტყვის ფასი - ეს იყო დამწყები ბიზნესმენებისთვის, ვახტანგ ფხაკაძის - პარფიუმერიის ბიზნესის მესაჭის რჩევები.
ბიზნესმენი ზესტაფონის რაიონში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და როგორც თავად იხსენებდა, იმ დროს რთული იყო წარმოდგენა, რომ ბიზნესს წამოიწყებდა, რადგან მთელი ოჯახი, ბებია-ბაბუა, პედაგოგები და ექიმები იყვნენ და მოლოდინი იყო, რომ თვითონაც ამ მიმართულებას გაყვებოდა.
სკოლის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენი ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და თითქმის ორი წლის განმავლობაში კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზეც მუშაობდა.
სანამ პარფიუმერიის სფეროში დაიწყებდა მოღვაწეობას, დაახლოებით, 1986-87 წლებში მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა პირველი კოოპერატივი და პლასტმასის წარმოებას მიჰყო ხელი. იმ პერიოდში ძირითადად, თმის სამაგრებსა და სავარცხლებს ამზადებდა. უკვე შემდგომ კი 90-იან წლებში პარფიუმერიის სფეროში გადაინაცვლა.
როგორც თავად იხსენებდა, პარფიუმერიის ბიზნესი 1 500 მანეთით დაიწყო. 1992-93 წლებში ვახტანგ ფხაკაძის წარმოებას ყურადღება პირველმა დიდმა ბრენდმა – სალვადორ დალიმ მიაქცია. 1995 წელს კი თბილისში პირველი მაღაზია – სუნამოს ფრანგული სახლი გამოჩნდა. მოგვიანებით, რამდენიმე მაღაზია რუსეთშიც გამოჩნდა და ქსელს სახელად „ლუტეცია“ დაერქვა.
ცნობისთვის, „ლუტეცია ჯგუფი“ აერთიანებს Lutecia-ს სუნამოების მაღაზიათა ქსელს, Mac-ს, Calzedonia-ს, Intimissimi-ს და Yves Rocher-ს და სხვა ცნობილ ბრენდებს. პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“ დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ბიზნესმენი, „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ვახტანგ ფხაკაძე გუშინ გარდაიცვალა. მისი ახლობლებისა და მეგობრების ინფორმაციით, ვახტანგ ფხაკაძეს კორონავირუსი ჰქონდა.