დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა დღეიდან იწყება.
მედიის ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შენახვა -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ჩვეულებრივ მაცივარში ის მხოლოდ 5 დღის განმავლობაშია ვარგისი. ამ მიზეზის გამო, ვაქცინაცია თავდაპირველად მხოლოდ 50 საავადმყოფოში განხორციელდება.
ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 800 000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. საერთო ჯამში კი ქვეყნის მთავრობამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი.
ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.
„დღევანდელი დღე გაერთიანებული სამეფოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია,“ - აღნიშნა ჯონსონმა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით კი, ვაქცინაციის დაწყება არის „სინათლე გვირაბის ბოლოს“.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად 2 დეკემბერს დაამტკიცეს.