საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე 1 პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან, რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც ხელს უწყობდა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.