გაგრძელდება თუ არა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 2021 წელს?

„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი საკმაოდ წარმატებულია,“ – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პროგრამამ რეალურად მნიშვნელოვნად გადააჭარბა, იმ მოლოდინებს რაც იყო პროექტის დასაწყისში. როგორც ძნელაძემ აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, დაახლოებით 600 მილიონის პორფტელი არის დაგენერირებული.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიზნით 35 მლნ ლარია გაწერილი და ძნელაძემ იმაზეც ისაუბრა, იგეგმება თუ არა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება მომავალ წელსაც.

„ეს პროექტი წლის ბოლომდე გრძელდება. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ არსებული პროექტი გრძელდება 5 წლის განმავლობაში და მიმდინარე პროექტის ჭრილში არის გათვალისწინებული არსებული ხარჯები. თვითონ ამ სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას რაც შეეხება, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 2021 წლის განმავლობაში არ იგეგმება მისი გაგრძელება და ამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს,“-განაცხადა ძნელაძემ.

თაია არდოტელი