„ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებულების პლაზმური თერაპიით მკურნალობას არ ზღუდავს, თუმცა ეს ექსპერიმენტული თერაპიაა"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი უწყება კორონავირუსით ინფიცირებულების პლაზმური თერაპიით მკურნალობას არ ზღუდავს, თუმცა ეს ექსპერიმენტული თერაპიაა.

როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ექსპერიმენტის ფარგლებში რამდენიმე კლინიკა უკვე იყენებს პლაზმით მკურნალობას.

„ჩვენ პლაზმის გამოყენების შესაძლებლობას არ ვზღუდავთ, თუმცა ეს არის ექსპერიმენტული თერაპია და აქედან გამომდინარე, სანამ არ მოხდება დადასტურება, რომ პლაზმა არის ერთ-ერთი და ერთადერთი ის სამკურნალო ხერხი, რომელიც ეფექტიანად აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სამინისტრო იმპერატიულად ვერ მოახდენს ამაზე მსგავს რეაგირებას, რაც მოთხოვნაა. თუმცა ექსპერიმენტის ფარგლებში, რამდენიმე კლინიკა იყენებს პლაზმურ თერაპიას ჩვენი პაციენტების სამკურნალოდ“, - განაცხადა ტიკარაძემ.