ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ქვეყანამ უკვე მიიღო ჟანგბადის 1000 კონცენტრატორი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების ძირითადი ნაწილი საქართველოში უკვე ჩამოვიდა და ამ ეტაპისთვის ქვეყანამ უკვე მიიღო ჟანგბადის 1000 კონცენტრატორი. ტიკარაძის თქმით, ისინი უკვე ნაწილდება საჭიროების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებებში.

„გუშინ რეალურად დასრულდა ერთ-ერთი მთავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე ქვეყანაში მიღებული გვაქვს 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ, 300 Bipap high -flow, 50 high -flow და 500 Bipap, ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში, რაც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,”- განაცხადა ტიკარაძემ.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ კოვიდსასტუმროებში ამ ეტაპისთვის მკურნალობას 3900 პაციენტი გადის, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ კი 16 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ტიკარაძის თქმით, პაციენტებში კოვიდსასტუმროების მიმღებობა გაიზარდა და ეს სულ უფრო ნაკლებ პროტესტს იწვევს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს სასტუმროებში მკურნალობას გადის 3900 ჩვენი მოქალაქე, ძალიან მიხარია და ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემისთვის, რომ მიმღებობა სასტუმროს სივრცეებზე მკვეთრად არის გაზრდილი, ჩვენი პაციენტები გადიან იქ მკურნალობას და ეს აღარ არის გარკვეული უთანხმოების საფუძველი ჩვენს სასწრაფოს ბრიგადებს, პაციენტების ოჯახის წევრებსა და პაციენტებს შორის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც განტვირთვას, ასევე თვითონ პაციენტების მდგომარეობას. 16 ათასზე მეტი პაციენტი გადის მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობით, ეს ყველაფერი ჯამურად ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ემსახურება, დაახლოებით, 30 ათასამდე კოვიდინფიცირებულს და თქვენ ხედავთ, რომ სერვისის მიწოდება არის უწყვეტი. ალბათ, სოციალურ ქსელებშიც მეტ-ნაკლებად სიმშვიდეა, რაც ჩვენც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო სტაბილურად გავაგრძელოთ ის ყველა საჭირო ცვლილება და გაუმჯობესება სისტემაში, რომელსაც ჩვენ გეგმურად მივყვებით,“- განაცხადა ტიკარაძემ.