დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ანტიგენის ტესტის ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტ სააავადმყოფოს და 140-მდე ამბულატორიულ ცენტრს შეუძლია.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კლინიკებიდან არიან ისეთებიც, რომლებიც კორონავირუსზე ტესტს მხოლოდ სტაციონარში მყოფ პაციენტებს უკეთებენ.
"საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ საავადმყოფოს, მთავრობის დადგენილებით ევალება, რომ ყველა სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, იქნება ეს ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით თუ სხვა ნებისმიერი დიაგნოზით შესული, ჩაუტარდეს ანტიგენზე ტესტი. დღეში ჰოსპიტალიზაცია არის 1000-1500 ქვეყანაში. ყველა საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ეს ტესტი წესით და რიგით უნდა ჰქონდეს გატანილი ყველა საავადმყოფოს. რაც შეეხება ამბულატორიულ ცენტრს, დაახლოებით 140-მდე ამბულატორიულმა დაწესებულებამ გამოთქვა სურვილი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. თითოეულ მათგანთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის თანამშრომელს აქვს დარეკილი და მათთან გაფორმებულია ხელშეკრულება. სახელმწიფო ამ ტესტს აძლევს და ტესტის ჩატარებაში უხდის შესაბამის თანხას. არსებობს ეს ხელშკრულება, ამიტომ ისინი, ვინც ჩართულნი არიან, ვალდებულნი არიან, რომ გააკეთონ ეს ტესტი. მათ გატანილი აქვთ ეს ტესტები და აქვთ. თუ რამე გაურკვევლობაა და ისინი ტესტებს არ ატარებენ, ვთხოვ დააფიქსირონ მოქალაქეებმა და ინდივიდუალურად გადავწყვეტთ საკითხს. გლობალურად კი ეს პრობლემა არაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.