იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე სეზონზე B გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ თვალსაზრისით შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ახლა დაავადების ნიშნებზე დაყრდნობით გრიპისა და კორონავირუსის განსხვავება შეუძლებელი იქნება.
„ის რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მუშაობს, სოციალური დისტანცირება, ნიღბის ტარება, ხელების დაბანა, ადეკვატურად მუშაობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ. ამ რეკომენდაციების დაცვამ განაპირობა გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შედარებით ნაკლები რაოდენობა. დღეს დაფიქსირებული B გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა მიუთითებს იმაზე, რომ პირველი გამოვლენის ვადამაც გადმოიწია. წინა წლებში ეს იყო ნოემბერი, წელს კი, დეკემბრის პირველი კვირა. ჩვენ ველოდებით ამ შემთხვევების მატებას. სტატისტიკის მიხედვით, პიკი არის დეკემბრის ბოლო და იანვრის პირველი ორი კვირა. თუმცა, წელს ვფიქრობთ, რომ თუნდაც ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ის სურათი, რაც იაშვილის სახელობის და სხვა კლინიკებშია, მიუთითებს, რომ ეს შემთხვევები ზოგადად მკვეთრად ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ A ტიპის გრიპიც დაგვიფიქსირდება და ჩვენ დეკემბრის განმავლობაში მივიღებთ A და B ტიპის გრიპის შემთხვევების მატებას. გრიპისა და კორონავირუსის კლინიკური განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნიშნები, რომელიც ახასიათებს გრიპს: მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ანალოგიური ნიშნებია, რაც კორონავურუსს ახასიათებს.
უმნიშვნელო განსხვავება შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს და განსაკუთრებით, ბავშვებში 1/3-ს აღენიშნება. მოზრდილთათვის ერთ-ერთი დამახასიათებელია ასევე ყნოსვისა და გემოს უნარის დაკარგვა. ეს სხვა ვირუსებსაც ახასიათებს, მაგრამ არა ისე, როგორც კორონავირუსს. ასევე, საყურადღებოა დაავადების მიმდინარეობა - გრიპის დროს დაავადება იწყება უეცრად, თავიდანვე მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით და ასე შემდეგ. კორონავირუსს ახასიათებს საშუალოდ ერთკვირიანი პერიოდი, როდესაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ტემპერატურა დაბალია, აღინიშნება გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, შემდეგ შესაძლებელია მეშვიდე, მეათე დღეს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, დღეიდან, როდესაც გრიპის შემთხვევა იდენტიფიცირებულია, წარმოუდგენელი იქნება კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით კორონავირუსისა და გრიპის ერთმანეთისგან განსხვავება.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ახლა დაავადების ნიშნებზე დაყრდნობით გრიპის და კორონავირუსის განსხვავება შეუძლებელია, რაც დამატებითი სირთულეა, რადგან იცით, რომ გრიპის მკურნალობა შესაძლებელია, გვაქვს საწინააღმდეგო მედიკამენტი, ასევე ვაქცინა, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ჯერ არა“, - განაცხადა ჩხაიძემ.