„თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი - ყოველი დღე დიდი დანაკარგია ინდუსტრიისთვის, ამიტომ ვითხოვთ, 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან გავიხსნათ

ყოველი დღე დიდი დანაკარგია ინდუსტრიისთვის, ამიტომ ვითხოვთ, რომ 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან გავიხსნათ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ცენტრალის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სექტორის მოთხოვნების განხილვასთან დაკავშირებით მთავრობასთან შეხვედრა ჯერჯერობით არ გამართულა.

„როგორც ბიზნესომბუდსმენისგან გვაქვს ინფორმაცია, იგეგმება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენი მოთხოვნები იგივეა“,-აღნიშნა ყარალაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, შექმნილი ვითარების გამო იგეგმება თუ არა პერსონალის შემცირება, როგორც „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი აცხადებს, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ დეკემბერში პერსონალი სრულად შეინარჩუნონ.

„თუმცა, დეკემბრის შემდეგ რა იქნება. ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრები ითხოვენ, რომ ფუნქციონირების საშუალება ერთი კვირის ნაცვლად, ორი კვირის განმავლობაში 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით მიეცეთ. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც სექტორი აყენებს, ეხება 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეიზღუდა და მათ მუშაობის უფლება 24 დეკემბრიდან 2-იანვრამდე პერიოდში მიეცემათ, რის შემდეგაც კვლავ დაიხურებიან. 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა.