„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“, რომელიც ტრადიციულად შვეიცარიის სამთო კურორტ დავოსში იმართებოდა ყოველწლიურად, პირველად იქნება გადატანილი სინგაპურში. ამის შესახებ ორშაბათს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ედრიან მონკმა განაცხადა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ყოველწლიურ შეხვედრას გამართავს სინგაპურში, ფორუმი გაიმართება 13-16 აპრილს“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ 2022 წელს ფორუმი კვლავ დავოსს დაუბრუნდება.
„შეხვედრის ადგილის ცვლილება 2021 წელს განპირობებულია მასში მონაწილე პირების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყურადღებითი განხილვის შედეგად. კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შევარჩიეთ სინგაპური, ეს საუკეთესო ვარიანტია შეხვედრის გასამართად“, - განაცხადა მონკმა.
მისი თქმით, სინგაპურის შეხვედრა იქნება პირველი გლობალური დონის ფორუმი, რომელზეც განიხილავენ პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის გზებს.
აქამდე „მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს“ დაგეგმილი აქვს „დავოსის კვირეულის“ ონლაინ შეხვედრის გამართვა 25-29 იანვარს. გარდა ამისა, „ფორუმი“ 6-7 აპრილს გამართავს კიდევ ერთ სამიტს ტოკიოში „ტექნოლოგიური მართვის თემაზე“, ხოლო ოქტომბერში „ფორუმმა“ განაცხადა, რომ 18-21 აპრილს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა ლუცენრნში თემაზე „დიდი გადატვირთვა“ პოსტპანდემიურ ეპოქაში.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ეს არის შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია. ის ყოველ წელს მართავს ფორუმს, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს ლიდერები, წამყვანი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები და გავლენიანი პოლიტკოსები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა სფეროდან. ორგანიზაციის წევრია მსოფლიოს 1000-ზე მეტი მსხვილი კომპანია.