"ოცნების" შეღავათები ბიზნესისთვის ოცნებად დარჩა

მიმდინარე წელს ქვეყანაში ორჯერ გამოცხადდა ე.წ. „ლოკდაუნი“, რომელმაც ჩვენს ეკონომიკას არნახული დარტყმა მიაყენა. მართალია, მეორე შეზღუდვას ხელისუფლებამ „ლოკდაუნის“ მაგივრად წერტილოვანი შეზღუდვები უწოდა, თუმცა თავისი შინაარსით ის ფაქტობრივად, სრულად იმეორებს პირველის ბერკეტებს. თავის მხრივ, ეკონომიკისთვისაც ტერმინს ცხადია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საერთო მოთხოვნა მინიმუმამდეა დაცემული, ეკონომიკის წამყვან სექტორებს არ ვაძლევთ მუშაობის საშუალებას და საერთო ჯამში, მთლიანი ეკონომიკის 30%-ზე მეტი გაჩერებულია.

ამის საპირწონედ მთავრობამ კერძო სექტორისა და ფიზიკური პირებისთვის კონკრეტული დახმარებისა და ე.წ. ფისკალური სტიმულების პაკეტები შეიმუშავა.

იმდენად, რამდენადაც არაერთხელ მაქვს განხილული, ის სოციალური პაკეტები, რომელიც ფიზიკური პირებისთვის აამუშავა ხელისუფლებამ, ამჯერად კერძო სექტორისთვის გაკეთებული შეღავათები განვიხილოთ:

მართალია მთავრობის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა სხვადასხვა სექტორს სხვადასხვანაირად შეეხო და ზოგს განსაკუთრებით გაუმართლა, თუმცა გავაანალიზოთ ის მთავარი შეღავათი, რომელიც მთავრობამ ყველა ბიზნესს „თანაბრად“ შესთავაზა. ეს გახლდათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების ნოემბრის ბოლომდე გადავადება.

კერძოდ კი, მთავრობა საშემოსავლო გადასახადს 750 ლარამდე სრულად, ხოლო 1500 ლარამდე ნაწილობრივ უვადებდა კომპანიებს ნოემბრის ბოლომდე. იმის მიუხედავად, რომ ეს მნიშვნელოვანი შვება არ იყო კომპანიების ნაწილისთვის, იმდენად რამდენადაც, თუ დამსაქმებელი თანამშრომელს სამსახურიდან გაუშვებდა, სულ არ მოუწევდა საშემოსავლოს გადახდა, კომპანიებმა ვინც თანამშრომლები შეინარჩუნა, მაინც მოახერხეს ამ პროგრამით სარგებლობა, თანაც ამას ემატებოდა ქონების გადასახადის გადავადებაც და საერთო ჯამში ეს მნიშვნელოვნად ამარტივებდა ლიკვიდობის პრობლემას.

იმხანად, ცხადია არავინ განიხილავდა ეკონომიკის მეორედ ჩაკეტვას, რაც ნოემბრის ბოლომდე ბიზნესს თანხების გენერირების საშუალებას მისცემდა და გადავადებული გადასახადების გადახდაც აღარ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მთავრობამ მეორე „ლოკდაუნიც“ გამოაცხადა, იმ განსხვავებით, რომ ამას წერტილოვანი უწოდა. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ ტერმინს ბიზნესისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მეორე „ლოქდაუნის“ გამოცხადებასთან ერთად მთავრობამ ზემოთ ნახსენები შეღვათები კიდევ გააგრძელა 6 თვის ვადით. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ასეთ შემთვევაში კომპანიებს ძველი ვალის გადახდა მოსთხოვა.

კერძოდ, თუ კომპანიას სურვილი აქვს მომდევნო 6 თვეც ისარგებლოს ქონებისა და საშემოსავლოს გადავადებით, ამისთვის დაუყოვნებლივ უნდა დაფაროს წინა გადავადების ღირებულება ან სახელმწიფო ახალი გადავადებისთვის დააკისრებს საურავს 18,5%. პლიუს, ახალი გადავადებისთვის კომპანიამ სახელმწიფოს საბანკო გარანტიაც უნდა წარუდგინოს, რაც დამატებით 2.7%-იან ხარჯს ნიშნავს. საერთო ჯამში გამოდის, რომ კომპანია რომელიც 2 „ლოკდაუნს“გადაურჩა, იმისთვის, რათა მთავრობის საგადასახადო „შეღავათები“ მიიღოს, ამ შეღავათებისთვის წლიური 21,2%-ი უნდა გადაიხადოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირობები ბიზნესს შერჩევით წაუყენეს, შეიძლება დაუშვათ, რომ მთვრობა შედარებით ნაკლებ დაზარალებული ბიზნესიდან, მეტი თანხის ამოღებას ცდილობს. თუმცა, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მულტიპლიკატორის ეფექტი და უკვე მეორე საკმაოდ მძლავრი მოთხოვნის შოკი, რომლის დაკომპენსირება ნამდვილად არ ძალუძს იმ ფისკალური სტიმულების პაკეტს, რომელიც აამუშავა მთავრობამ შეზღუდვების საპირწონედ.

პაატა ბაირახტარი

ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტი