20 წარმატებულ კურსდამთავრებულს გარემოსდაცვითი მმართველის კვალიფიკაცია მიენიჭა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დისტანციური სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა. ერთკვირიანი სასწავლო პროგრამის 20 წარმატებულ კურსდამთავრებულს გარემოსდაცვითი მმართველის კვალიფიკაცია მიენიჭა.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, ხოლო 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირის - გარემოსდაცვითი მმართველის ყოლის ვალდებულება ეკისრებათ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, სასწავლო კურსის „გარემოსდაცვითი მმართველი“ ფარგლებში, დაინტერესებული პირების მომზადება 2015 წლიდან დაიწყო. დღეისათვის, ცენტრის მიერ, ჯამში, 450-მდე პირია გადამზადებული, რომელთა უმრავლესობა (80%) გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზეა დასაქმებული. სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულებისა და მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.