ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი – KIU Photo Contest წელს პირველად იმართება და იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ტარდება.

კონკურსის ორგანიზატორია არსამთავრობო ორგანიზაცია „კულტურა და კონტაქტები“.

კონკურსის მიზანია საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარება და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით.

წელს ფოტოკონკურსის თემაა „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“. მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში. ფოტოკონკურსში მონაწილეობა 18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეუძლიათ. კატეგორიების მიხედვით საპრიზო ფონდი 1 000-დან - 10 000 ლარამდეა განსაზღვრული.

„KIU Photo Contest - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაარსებული მნიშვნელოვანი კონკურსია დღეს საქართველოს ხელოვნების დარგში. უნივერსიტეტს აქვს ამბიცია გახდეს არა მხოლოდ მეცნიერების და განათლების, არამედ კულტურისა და ხელოვნების ხელშემწყობი კერაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ ფოტო კონკურსით გვინდა ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს საქართველოში. საერთაშორისო ჟიური, რომელიც წარმოდგენილია ამ სფეროს წამყვანი ხელოვანებით და ფოტო ხელოვნების დარგის პროფესიონალებით, უზრუნველყოფს საქართველოში ახალი ტალანტების და მომავალი ფოტოგრაფების აღმოჩენას და არა მხოლოდ ამ ფოტო კონკურსს არამედ ზოგადად საქართველოს მსოფლიო ხელოვნების ყურადღების ცენტრში მოაქცევს.“ - აღნიშნავს KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე.

edu-1-1607427371.png

გამორჩეული და საინტერესოა KIU Photo Contest-ის ჟიურის შემადგენლობაც და მასში შედიან ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალები: ტომას დვორჟაკი, მერიენ გოლონი, ალესია გლავიანო, აზუ ნვაგბოგუ და ქართველო ფოტოგაფი ნათელა გრიგალაშვილი.

ჟიურის შესახებ:

ალესია გლავიანო ჟურნალ ვოგ იტალიას (Vogue Italia) ბრენდის ვიზუალური დირექტორი და ფესტივალ Photo Vogue-ის ხელმძღვანელია. გლავიანო წამყვანი ფიგურაა საერთაშორისო ფოტოგრაფიული კრიტიკის სფეროში. 2011 წელს მან ფესტივალ Photo Vogue-ს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას, იმ ფოტოგრაფებისთვის, რომელთაც პროფესიონალი ფოტო რედაქტორების დახმარებით, საკუთარი ნამუშევრების ღია საზოგადოებისთვის წარდგენა სურთ. Photo Vogue-ის უმთავრესი მისიაა, ახალი სახეების აღმოჩენით, ფოტოგრაფიის სფეროს გამდიდრება და გამრავალფეროვნება. თავისი კარიერის მანძილზე გლავიანო არაერთი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მათ შორის World Press Photo-სა და Festival International de Mode et de Photographie à Hyères-ის.

მერიენ გოლონი გაზეთ ვაშინგტონ პოსტის (The Washington Post) ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელია. 2012 წლამდე, მანამ სანამ ის The Washington Post-ის გუნდს შეუერთდებოდა, გოლონი 20 წლის მანძილზე ჟურნალ TIME-ის მთავარი ფოტორედაქტორის მოვალეობას ასრულებდა. გარდა ამისა, ის იყო ფოტო ფესტივალ Look 3: The Festival of the Photograph-ის კურატორი და სწორედ მისი დახმარებით იქმნებოდა ორი წლის მანძილზე ციფრული აქტივების მართვის სისტემა, ამ დიდი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. გარდა რედაქტორობისა, გოლონი 15 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ჟურნალ TIME-ის ყოველკვირეულ საერთაშორისო გამოცემის ფოტოგრაფიის დეპარტამენტს.

მერიენ გოლონს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო, ისეთები როგორიცაა POYi და NPPA's Best of Photojournalism. 2013 წელს FA Lucie Awards-მა მას წლის საუკეთესო ფოტო რედაქტორის ტიტული მიანიჭა. იგი ორჯერ დასახელდა ფოტოგრაფიის სფეროს წარმომადგენელი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.

ტომას დვორჟაკი ფოტოგრაფი და ფოტო სააგენტო მაგნუმ ფოტოს (Magnum Photos) პრეზიდენტია. დვორჟაკი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინტერესდა და 1991 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობა და გადაღება დაიწყო. 1993 წელს ის თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც 1999 წლამდე ცხოვრობდა. ამ დროის მანძილზე ის თავის გრძელვადიან პროექტ „კავკასიაზე“ მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც გადაიღო როგორც რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება, ასევე, აქ მიმდინარე არაერთი სამხედრო კონფლიქტი - ჩეჩნეთში, ყარაბაღსა და აფხაზეთში. დვორჟაკი 2000 წელს სააგენტო Magnum Photos წევრობის კანდიდატი გახდა, 2004 წელს კი სააგენტოს წევრის სტატუსი მიიღო. შემდეგი წლების განმავლობაში დვორჟაკმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენა გადაიღო: აღბეჭდა 11 სექტემბრის ტერაქტები, წლების მანძილზე იღებდა ომს ავღანეთსა და ერაყში და ასევე, აფიქსირებდა ამ ომის გავლენას ამერიკაზე. 2005-2008 წლებში ჟურნალ TIME-ისთვის გადაიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეპორტაჟი მაკედონიაში, პაკისტანში, ჩეჩნეთში, შრი ლანკაზე, ნიგერიასა და ლიბანში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დვორჟაკი საქართველოში დაბრუნდა და უხელმძღვანელა პროექტს „ქართული გაზაფხული“, რომლის ფარგლებშიც სააგენტო Magnum-ის წევრი ფოტოგრაფების ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი აღბეჭდა. 2017 წლიდან დვორჟაკი Magnum Photos პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

აზუ ნვაგბოგუ ორგანიზაცია აფრიკის ხელოვანთა ფონდის (African Artists’ Foundation) დამფუძნებელი და დირექტორია. 2018-2019 წლებში ის ასრულებდა Zeitz Museum of Contemporary Art-ის დირექტორისა და მთავარი კურატორის მოვალეობას სამხრეთ აფრიკაში. ამასთანავე, ნვაგბოგუ არის საერთაშორისო ფოტო ფესტივალის LagosPhoto-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. იგი გამოსცემს სახელოვნებო ჟურნალ „Art Base Africa“-ს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარი ვირტუალურ სივრცეს, სადაც შესაძლებელია თანამედროვე აფრიკული ხელოვნების გაცნობა. გარდა ამისა, ნვაგბოგუ დამოუკიდებელ კურატორულ საქმიანობასაც ეწევა, განსაკუთრებითაა დაინტერესებული მომავლის მუზეოლოგიით.

ნათელა გრიგალაშვილი ქართველი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტია, რომელსაც ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. მრავალი წლის მანძილზე პრესაში მუშაობის შემდეგ, 2010 წელს გრიგალაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩამოშორებოდა პრესას და დამოუკიდებელი ფოტოგრაფი გამხდარიყო. ამ დროიდან მოყოლებული, ის თავის გრძელვადიან დოკუმენტურ სერიებზე მუშაობს.

კარიერის დასაწყისში, იგი წლების მანძილზე, შავ-თეთრ ფირზე იღებდა, თუმცა უკვე 10 წელზე მეტია, რაც ციფრულ ფერად ფოტოგრაფიაზე გადავიდა. გრიგალაშვილი ძირითადად გრძელვადიან დოკუმენტურ ფოტო პროექტებს იღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ პროექტების ფარგლებში ის სოფლებსა და მცირე ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობასა და პრობლემებზე ფოკუსირდება.

2007 წელს ნათელა გრიგალაშვილის გადაეცა ალექსანდრე როინიშვილის პრიზი, ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წელს მან დააარსა ფოტო სააგენტო Kontakt Photos. გრიგალაშვილი საგანმანათლებლო საქმიანობითაცაა დაკავებული. მისი ინიციატივით დაარსდა ფოტო კლუბები ჯავახეთში (2014), პანკისის ხეობასა (2015) და მაღალმთიან აჭარაში (2016), სადაც ის თვეების მანძილზე ასწავლიდა ფოტოგრაფიას დაინტერესებულ ახალგაზრდობას.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ: https://kiuphoto.com/ka