რუსეთი მზესუმზირის ექსპორტზე საბაჟო ტარიფებს ზრდის - ქვეყნები, საიდანაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს

რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ექსპორტზე საბაჟო ტარიფს ზრდის. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საექსპორტო პროდუქტზე 30%-იანი გადასახი იქნება. შესაბამის დადგენილებას რუსეთის სამთავრობო კომისიამ მხარი უკვე დაუჭირა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში თვლიან, რომ საბაჟო ტარიფის შემოღება ქვეყანში ფასების სტაბილიზაციას და გადამამუშავებელი საწარმოების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პროდუქტის ექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნა და უცხოეთში არსებული მაღალი ფასები, თავის მხრივ, შიდა ბაზარზე ზეთის გაძვირებას იწვევს.

ცნობისთვის, ნოემბერში რუსეთის ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ფასი 8,94%-ით კიდევ გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მზესუმზირის იმპორტის მიმართულებით საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი სწორედ რუსეთია. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში (იანვარი-ოქტომბერი) ქვეყანაში სულ 6 219 ტონა (4,325 მლნ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, საიდანაც 2 686 ტონა (43,2%) რუსეთზე მოდის. მთლიანად 10 თვეში საქართველომ მზესუმზირა მსოფლიოს 11 ქვეყანაში იყიდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველო მზესუმზირას ყიდულობს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • უკრაინა - 3,488 ტონა (1,876 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 2,686 ტონა (2,384 მლნ აშშ დოლარი)
  • ბულგარეთი - 22 ტონა (26.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ჩინეთი - 21 ტონა (28.1 ათასი აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 0.96 ტონა (8.64 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური