„საბანკო სექტორი ინდივიდუალური მომართვიანობის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციებზე შეთანხმდა,“- ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.
„ამ პერიოდში საბანკო სექტორის მხრიდან საკრედიტო პორტფელის გარკვეული მონიტორინგი უკვე მოხდა და მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის უფრო მეტად არის მზად როგორც საბანკო სექტორი, ასევე სახელმწიფო.
დღეის მდგომარეობით, სოციალური დახმარების სიებში ვინც მოხვდება, აღნიშნული პირებისთვის საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია მიმართვის შემდეგ ავტომატურად მოხდება. მათ აღარ დასჭირდებათ დამატებით რაიმე დოკუმენტების, ინფორმაციის მიწოდება. ერთადერთი - თუ მოთხოვნა იქნება განსხვავებული გრაფიკის ან გადახდის რეჟიმზე, მხოლოდ მაგ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ბანკმა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვოს. შესაბამისად, ის პირები, ვინც სოციალურ დამხარებას მიიღებენ, სესხებთან დაკავშირებითაც, შეძლებენ 3 თვის შუალედით ისარგებლონ იგივე პირობით, რაც წინაზე იყო.
იმ პირებმა კი, ვინც ვერ მოხვდებიან ამ სოციალური დახმარების სიებში, უნდა მიმართონ ბანკს რესტრუქტურიზაციის შესახებ და მიდგომა იქნება ინდივიდუალური. მეტ კონკრეტიკას ვერ ვიტყვი - ანუ რა ფორმატის იქნება - შემოსავალი სრულად დაკარგა ამ ადამიანმა თუ ა.შ.,“-განაცხადა ძნელაძემ.