რესტორატორები პრობლემებზე სასაუბროდ დღეს ეკონომიკის მინისტრს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. „რესტორატორთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და ის კონკრეტული შედეგით დასრულდა.
შოთა ბურჯანაძის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყველა პრობლემა განიხილება.
,,ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისათვის. ეს იყო საქმიანი საუბარი, სადაც დაისახა აუცილებელი პრობლემების გადაწყვეტის გზები. გადაწყდა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შეიქმნება, ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე. არ ყოფილა არცერთი პრობლემა, რომლის უარყოფაც მოხდა მინისტრის მხრიდან. ვიმსჯელებთ და მივიღებთ სფეროსთვის და სფეროში დასაქმებულებისთვის დადებით გადაწყვეტილებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი დღეს არის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით სარგებლობა ვერ ხდებოდა ჯეროვნად, რადგან არის კომუნიკაციის ნაკლებობა და ვერ იკვრება სამკუთხედი - სახელმწიფო, ბანკები და ბენეფიციარი ობიექტები. ამაზე მივიღეთ რეალური პასუხი, რომ ვინც საჭიროებს, მიიღებს თანხას. ეს არ არის მცირედი, სექტორისათვის გამოყოფილია 30 მლნ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
,,რესტორატორთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია პოზიცია, მთავარ საკითხთან დაკავშირებით, როდის გაიხსნება რესტორნები.
,,რაც შეეხება გახსნის საკითხს, ეს არის მთავარი და მისი გადაჭრის გარეშე ვერანაირი შეღავათი ვერ იქნება ქმედითი. მე დავაყენე ეს საკითხი, რაზეც აბსოლუტურად არარელევანტური პასუხი იყო ბატონი ამირან გამყრელიძის მხრიდან, რომ თურმე სექტემბერში რესტორანში გადახდილი ქორწილის კლასტერმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი გავრცელება. არადა, დღეს 8 დეკემბერია და მობილობა რესტორნებში ძალიან დაბალია. მინისტრმა თქვა, რომ თუ დასტაბილურდება ეპიდვითარება, გაიხსნება რესტორნები, ჩემს კითხვაზე კი რამდენზე უნდა დასტაბილურდეს, მითხრეს, რომ 2 000 -მდე უნდა ჩამოვიდეს. ახლა ასეთია მოლოდინი, თუმცა მე ვშიშობ, რომ შეიძლება თებერვალშიც იყოს იგივე მიდგომა და კვლავ არ მოგვცენ გახსნის უფლება. ჩვენთან მობილობა მინიმუმზეა და რა საფრთხეა ვერ ვიგებთ, ამიტომ ეპიდემიოლოგებს კიდევ უნდა შევხვდეთ ამაში დასარწმუნებლად“, - უთხრა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.