„ბიუჯეტი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება განსახილველი, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რომ გვინდა ოპოზიციაც ვიხილოთ - შემოვიდეს თუნდაც, ძალიან კრიტიკულ დებატებში, მაგრამ ეს არ მოხდეს ქუჩის რეჟიმში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, რომლის განხილვაშიც ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს თავის წილი პასუხისმგებლობა.

როგორც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტში მცირე ბიზნესის დახმარების პაკეტი „არნახულად არის გაზრდილი“

„რასაკვირველია, ეს ბიუჯეტი მთლიანად არის აგებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობაშიც ჩვენ ჩაგვაყენა გლობალურმა პანდემიამ. 2021 წელი იქნება ეკონომიკის აღდგენის წელი, იქნება ვაქცინაციის წელი და შესაბამისად, პანდემიის დაძლევის წელი როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

აქედან გამომდინარე ბიუჯეტიც დიდწილად გამსჭვალულია, როგორც იმ მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზე ზრუნვით, რომელიც მომავალ წელს მიუხედავად იმისა, რომ დავძლევთ პანდემიას, საჭიროებს ჩვენს გვერდში დგომას. ეს არის ბიუჯეტი, სადაც ასახულია პენსიონერების პენსიის ინდექსაცია, მასწავლებლების ხელფასების ზრდა, ჯარისკაცების და პოლიციელების გასაცემლების და ხელფასების ზრდა, ეს არის ბიუჯეტი, სადაც მცირე ბიზნესის დახმარების პაკეტი არის არნახულად გაზრდილი.

სწორედ ამიტომაც, რომ ასეთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება განსახილველი, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ გვინდა ვიხილოთ ოპოზიციაც, გაიზიაროს თავის წილი პასუხისმგებლობა, შემოვიდეს თუნდაც ძალიან კრიტიკულ დებატებში, მაგრამ ეს არ მოხდეს ქუჩის რეჟიმში. ქუჩის რეჟიმი გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ არასტაბილურობას უწყობს ხელს და ელემენტარული უპატივცემულობაა მათი ამომრჩევლის მიმართ, ეს არის ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ სახიფათო რამ.

მაშინ, როდესაც გვიწევს გარკვეული ბიზნესის დროებითი შეზღუდვა, ამ დროს პოლიტიკოსები თავის თავს უფლებას აძლევდნენ, რომ გარეთ გამართონ ეპიდემიოლოგიურად ცუდად მართული და არცთუ ისე უსაფრთხო აქციები იმისთვის, რომ გარეთ გამოიყვანონ ხალხი.

არიან რადიკალური ძალები, რომლებიც ცდილობენ, თითქოს შეამსუბუქონ კოვიდის თემა, რომ ეს პრობლემა არ არის, ლამის ჩვეულებრივ გაციების ტოლფასად გახადონ, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გაატარონ და ასახონ ქუჩის აქციებში“,-განაცხადა თურნავამ.