კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის განახლების პროცესში ხარვეზების მოკვლევის შედეგად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მას პროკურატურა შეისწავლის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის განახლების პროცესში გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს, რის შედეგადაც მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 85 000 ლარით დაზარალდა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევის შედეგად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მას პროკურატურა შეისწავლის.

„გლდანში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე ჩვენ გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ, მთლიანად მოხდა ამ ორი ცენტრალური ქუჩის განახლება, რეაბილიტირება, კეთილმოწყობა, განხორციელდა დახაზვითი სამუშაოები, მიმდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი, თუმცა, ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები, ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდა ახლად რეაბილიტირებული ასფალტის ჩაწევა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და მე მაშინ შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სრული მოკვლევა. შედეგად დადგინდა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის გაუთვალისწინებლობის გამო, დოკუმენტაციაში იყო სერიოზული ხარვეზები და მთელი ჯაჭვი პრობლემების, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდა გზის საფარის ჩაწევა, რაც პრობლემას წარმოადგენს და დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა დედაქალაქის ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ამ მოკვლევის შედეგად ვლინდება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გადაეგზავნება გენერალურ პროკურატურას შემდეგი მოკვლევისთვის და გამოძიებისთვის ,“- განაცხადა კახა კალაძემ.