თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მერიას იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ დედაქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად.
„კარგი ინფორმაციით მინდა დავიწყო. ვფიქრობ, დედაქალაქის მოსახლეობას გაუხარდება, რადგან მომდევნო 2021 წელს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში სხვადასხვა ტიპის პროექტები განხორციელდეს. მინდა დავიწყო ბიუჯეტით, თქვენ იცით, რომ თბილისის მერიამ საკრებულოში წარადგინა ბიუჯეტი, რომელიც არ იყო საბოლოო და დასრულებული. დაახლოებით თანხა იყო 840 მილიონი და ყველას გვახსოვს, თუ რა მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ თანხას. კონკრეტულ ტელევიზიებში სიუჟეტები, რომ ბიუჯეტი მცირდება, მთელი უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განმარტებებს ვაკეთებდით, რომ ეს არის პირველადი ბიუჯეტი, როგორც ყველა წლის ბოლოს ხდება, მუნიციპალიტეტი წარადგენს ბიუჯეტს და შემდეგ ხდება შესწორება, ბიუჯეტზე მუშაობა, თანხების დამატება და საბოლოლოო ბიუჯეტი წარედგინება საკრებულოს განსახილველად. ამჯერადაც ამ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩართული იყო ასევე პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაემატება 225 მილიონი ლარი. უახლოეს დღეებში გადაგზავნილი იქნება თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, იანვარში ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება ზემოდან და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ძალიან ხშირად ხდება სპეკულაციები ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. ეს არის დაახლოებით 350 მილიონ ლარზე მეტი. ასეთი თანხა არასდროს ყოფილა ამ მიმართულებით გამოყოფილი“,-განაცხადა კალაძემ.