კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს თბილისში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2021 წელს თბილისში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. კალაძემ მერიის სხდომაზე საბურთალოს რაიონში განხორციელებული რეკრეაციული ზონის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც მერმა აღნიშნა, განახლდა დაახლოებით 7 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია და მოეწყო გარე-განათება, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და აუზი.

“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება რეკრეაციულ სივრცეებზე, მწვანე სივრცეების შემქნაზე, რაც მნიშვნელოვანია და თვალშისაცემიცაა, რამდენად ბევრი და კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. კიდევ ერთ კარგ პროექტს მინდა შევეხო. ეს სამუშაოები საბურთალოს რაიონში თოფურიძის ქუჩაზე განხორციელდა. მინდა, საბურთალოს რაიონის გამგებელს გიზო ვასაძეს და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო ნაყოფიერი მუშაობისთვის. მართლა მაგარი პროექტი გააკეთეს. აქ დაახლოებით 7 ათას კვადრატზე ცუდ მდგომარეობაში იყო სივრცე და მოსახლეობის თხოვნაც იყო, რომ მომხდარიყო განახლება, როგორც სხვადასხვა რაიონებში გაკეთდა- გლდანში, საბურთალოს სხვადასხვა უბანში, ვარკეთილში, ვაკეში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ამ სამუშაოების ფარგლებში ბავშვებისთვის დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ და ივარჯიშონ. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი, ლედ სანათები, გაკეთდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის იაპონური სტილის საჩრიდილობელი, მოეწყო აუზი, რომელიც დანგრეული იყო და ამ აუზზე განთავსდა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მსიამოვნებს, რომ ქალაქში ამდენი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაობი ხორციელდება და ახალი პროექტები იქმნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მწვანე სივრცეების შექმნა და რეაბილიტაცია არსებული სივრცეების, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი ადგილი შევქმნათ, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა დასვენების და განტვირთვის. ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ქალაქში ასეთი სივრცეების არსებობა იმიტომ, რომ პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომ 2021 წელს ამას განსაკუთრებული ყურადღება ექნება”,- განაცხადა კალაძემ.