თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე უხვი ნალექის დროს წარმოქმნილი პრობლემა გადაიჭრება, რადგან სანიაღვრე სისტემის ეტაპობრივად მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამგეობას დავალებული აქვს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება ყველა ეზოში განხორციელდეს.
„გლდანში ძლიერი წვიმების დროს სანიაღვრე ქსელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მთელი დატვირთვა ორ ქუჩაზე - ხიზანიშვილზე და ვეკუაზე მოდის. ჩვენ გვაქვს პრობლემა - ეს ქუჩები, რომლებიც ამ ორ ცენტრალურ ქუჩას უერთდება, არც ერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, დაგროვილი წყალი პირდაპირ მოედინება. რა ხდება კორპუსების ეზოებში, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. გამგეობას დავალებული აქვს სანიაღვრე სამუშაოები ყველა ეზოში უნდა განხორციელდეს. თბილისის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს მინდა დავავალო, კეცხოველის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ სანიაღვრე სისტემის მოწყობა, პარალელურად ასევე წყლის სისტემის ცვლილება მიმდინარეობს კეცხოველის ქუჩაზე და მთლიანად მოხდება განახლება. შემდეგ უკვე ეს მაგისტრალი ცენტრალურ მილზე უნდა დაერთდეს, რომელიც ხიზანიშვილის ქუჩაზეა და გლდანის პარკთან უნდა მოხდეს სპეციალური ჭის მოწყობა და კონკრეტულად ამ ქუჩის დაერთება ხიზანიშვილის სანიაღვრე სისტემაზე. გავალებთ, რომ რამდენიმე დღეში ეს სამუშაოები დასრულებული იყოს. რაც ჩვენ ვნახეთ უხვი ნალექის დროს რა ხდებოდა გლდანში კონკრეტულ ცენტრალურ ქუჩებზე, ამიტომ უნდა მოხდეს ეტაპობრივად ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება", - განაცხადა კალაძემ.