პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 23.6 პროცენტით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ აშშ დოლარით, ნიდერლანდი 79.3 მლნ აშშ დოლარით და აშშ 24.2 მლნ აშშ დოლარით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის მე-3 კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით.

2020 წლის მე-3 კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ აშშ დოლარით) სექტორებზე.

თაია არდოტელი