ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქულ მხარეს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთში სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტის მიზანია - ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა და ასევე, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში, სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

"მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა წარმატებით შეაფასეს. ხელმოწერა ანკარაში გაიმართა. სამინისტროს სახელით ოქმს ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მოაწერა. დოკუმენტის ხელმოწერას კი ონლაინ ფორმატში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.