ვინ ფლობს კომპანიებს, რომელთა საქმესაც კალაძე პროკურატურაში აგზავნის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის განახლების პროცესში გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს, რის შედეგადაც მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 85 000 ლარით დაზარალდა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევის შედეგად, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება და მას პროკურატურა შეისწავლის.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 15 ივნისს დასრულდა. თუმცა, აგვისტოში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს. მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კი, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებდა. რაც შეეხება, საპროექტო დოკუმენტაციას, ის შპს "მ-პროექტმა" შეადგინა.

მერიაში აღნიშნული საკითხის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, როგორც აცხადებენ, პროკურატურაში საქმე თავად ფაქტზეა გადაგზავნილი და ბრალეულობას პროკურატურა დაადგენს.

ცნობისთვის, „ენსისის“ 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ქელბაქიანია, რომელიც ასევე,"ბუდაბარის" მფლობელიცაა. რაც შეეხება "მ-პროექტს" მისი 100%-იანი წილი მანუჩარ შიშინაშვილს ეკუთვნის.

თაია არდოტელი