საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2020 წლის დარჩენილ პერიოდსა და 2021 წელსაც გააგრძელებს.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორია სებ-ის გეგმა ინტერვენციებთან დაკავშირებით 2020 წლის დარჩენილ პერიოდსა და მომავალ წელს, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ინტერვენციები იმის შესაბამისად გაგრძელდება, თუ რა სიტუაცია იქნება. ამასთან, როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, სებ-ის მიერ დოლარი გაყიდვა კურსის რომელიმე მაჩვენებელზე შენარჩუნებას არ ემსახურება.
„2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 886 მილიონი დოლარი მიაწოდა ბაზარს. მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ბაზარზე ვალუტის მიწოდებას იმის გათვალისწინებით გავაგრძელებთ, თუ რა სიტუაცია იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს მიწოდება იქნება. რაც შეეხება 2021 წელს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ ასევე დაგვჭირდება, როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში, ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გლობალური რეცესიის დროს, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ასევე მსურს განვმარტო, რომ ინტერვენციების დროს ეროვნული ბანკის მიზანი არაა კურსის რომელიმე კონკრეტულ მაჩვენებელზე შენარჩუნება ან კურსის საბაზრო დინამიკისთვის ხელის შეშლა. კურსი იმ მიმართულებით უნდა წავიდეს, რასაც ეკონომიკა განსაზღვრავს. ინტერვენციების მიზანია, ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდების უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც დანაკლისი განიცადა ბაზარმა. მხოლოდ ტურიზმი რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი დანაკლისია. ეს იმისთვის ხდება, რომ თავიდან ავიცილოთ ბაზრის ე.წ. გაუმართავი ქცევა“, - აღნიშნა მან.