საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის და დედოლარიზაციის ღონისძიებების გარეშე, ფინანსური სექტორი არსებულ სირთულეებთან გამკლავებას ვერ შეძლებდა.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორ გაუმკლავდა კრიზისს ფინანსური სექტორი და რამდენად დროული და ეფექტური იყო ეროვნული ბანკის პოლიტიკა კრიზისის კონტექსტში, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მნიშნველოვანია ის პოლიტიკა, რაც კრიზისამდე გაატარა ეროვნულმა ბანკმა. მისივე თქმით, არსებულმა სიტუაციამ ფინანსური სექტორი დააზარალა, მაგრამ კარგი ზედამხედველობის წყალობით, სისტემა ახერხებს სირთულეებთან გამკლავებას.
„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის პოლიტიკა კრიზისამდე. რადგან, შეუძლებელია, რომ როდესაც კრიზისი მოხდება რაღაც ისეთი გაკეთდეს, რაც გადაარჩენს სიტუაციას. ვფიქრობ, როგორც კრიზისამდე, ასევე კრიზისის კონტექსტში, ეროვნული ბანკის ქმედებები ადეკვატური იყო და ამას, არაერთი ფინანსური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ დღეს უკვე მათ გასაგონად, ვინც ამას აკრიტიკებდა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ რეგულაციის და დედოლარიზაციის ღონისძიებების გარეშე, დღეს ფინანსური სექტორი ვერ შეძლებდა არსებულ სირთულეებთან გამკლავებას. გვეყოლებოდა მსესხებლები, რომლებსაც ექნებოდათ ვალის ტვირთი, რომლის მომსახურებაც საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა და ეს ფინანსურ სტაბილურობას რისკს შეუქმნიდა. აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ იყო მიღებული, აბსოლუტურად დროული და სწორი იყო და ამის გარეშე დღევანდელ კრიზისს ელემენტარულად ვერ გავუმკლავდებოდით. ბანკების საკრედიტო დანაკარგებმა 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა და ბანკებმა წინმსწრებად შექმნეს რეზერვები. ფინანსური სექტორს საკმარისი რესურსი აქვს, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გაგრძელდეს“,-აღნიშნა მან.