საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სექტორის ზარალი ოქტომბრის მდგომარეობით, 85 მილიონი ლარია. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა სექტორი წლიურ ჭრილში 50-100 მილიონი ლარის ფარგლებში მოგებაზე გავიდეს.
კობა გვენეტაძემ საკრედიტო პორტფელის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სესხების გადავადების მეორე ეტაპზე საკრედიტო პორტფელის 25%-ზე მეტი გადავადდა.
„გადავადების მეორე ტალღის დროს ივლის-აგვისტოში, ბანკებმა ინდივიდუალური მიდგომით მოახდინეს გადავადება მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა. მეორე ფაზის დროს საკრედიტო პორტფელის 25%-ზე მეტი გადავადდა. რაც შეეხება სხვა მაჩვენებელებს, მიმდინარე პერიოდში 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მაღალი არაა, 2.5%-ია და კოვიდამდე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ძალიან არ გაზრდილა, რადგან ბანკები რესტრუქტურიზაციას სთავაზობენ მსესხებლებს და გადახდის გრაფიკს უცვლიან. შედეგად, რესტრუქტურიზირებული სესხები გაიზარდა და ოქტომბრის მდგომარეობით 11.6% შეადგინა.
დღეს არსებული მონაცემებით, უმოქმედო სესხების წილი პორტფელში 7.6%-ია და გაზრდილია კოვიდამდე პერიოდთან შედარებით. ვფიქრობთ, მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება და 10%-ს მიაღწევს“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.