“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი კომიტეტმა ბიუროს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

მომხსენებლის განცხადებით, აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა უმაღლესი საბჭოს შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტი, მისი თანმდევი დოკუმენტით, კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში. მინისტრმა ასევე უპასუხა დეპუტატების მიერ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს. სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.