საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს.
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან იუწყებიან.
მათი ინფორმაციით, ახალი საგრანტო პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის “განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, ონლაინ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც პროფესიული განათლების კვირეულის ეგიდით გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გრანტები გაიცა კერძო და საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად.
„ცხრა პროექტი, რომელზეც ევროკავშირმა ჯამში 7 მილიონი ევრო (დაახლოებით, 27 მილიონი ლარი) გამოყო, მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანთა მიერ პროფესიული განათლებისა და მეწარმეობაში ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები შეესატყვისებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნას და უწყვეტი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ძირითადი მიზნებია: უნარების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს შერჩეულ რეგიონებში; უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი უნარ-ჩვევების მისაღებად, შერჩეულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის; სამეწარმეო სწავლებისა და სამეწარმეო ტრენინგის ხელმისაწვდომობა შერჩეულ რეგიონებში.
„მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ ხუთწლიანი პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში ახალ საგრანტო პროექტებს ვიწყებთ. COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს მისი მოქალაქეების პროფესიული უნარები, გააძლიეროს სამეწარმეო კომპეტენციები და განახორციელოს შრომისა და დასაქმების სტრატეგიების ამჟამინდელ საჭიროებებთან ადაპტირება. გვჯერა, რომ ამ ახალი პროექტებით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შევძლებთ ქალების, კაცების, ახალგაზრდების და მოწყვლადი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესებას“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
„ასეთ რთულ დროს, როდესაც კორონა ვირუსი ცდის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის შესაძლებლობებს და ჩვენ ვცდილობთ, პროფესიული განათლების მართვისა და პრაქტიკების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, უდიდეს მხარდაჭერას გვიცხადებს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, ევროკავშირი. ევროპა წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში მაგალითებისა და საუკეთესო პრაქტიკის ინსპირაციის წყაროს და ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შეუფასებელია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის მოდერნიზებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, პროფესიული განათლების კვირეული, 4-დღიანი ონლაინ კონფერენციის ფორმატში, ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროკავშირის Skills4Jobs ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით.
„იგი მიზნად ისახავს განიხილოს პროფესიული განათლებაში ახალი გამოწევები და გადაჭრის გზები COVID-19-ის ფონზე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში და ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, „უნარები დასაქმებისთვის“ პროგრამის მე-2 ფაზა 2018 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით ხორციელდება. მისი მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მლნ ევროს (დაახლოებით, 190 მილიონი ლარი) შეადგენს და ითვალისწინებს: 30 მილიონი ევროს საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარებისათვის სექტორული რეფორმის გასახორციელებლად; ორი ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტს, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საჯარო უწყებების მიერ საქართველოში რეფორმების დანერგვაში დახმარებას; 7 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო სქემის კომპონენტს; ასევე ტექნიკური დახმარების პროექტს შესაბამისი სამინისტროების მხარდასაჭერად. ეს კომპონენტი ეხმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, და სხვა სააგენტოებს სექტორული პოლიტიკის განახლებასა და რეფორმირებაში“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.