უკრაინაში სკოლები, რესტორნები და კაფეები იხურება

უკრაინაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები გულისხმობს სკოლების, კაფეების რესტორნების, სპორტდარბაზებისა და გასართობი ცენტრების დახურვას და მასობრივ შეკრებებზე აკრძალვის დაწესებას.

შეზღუდვები 8-დან 24 იანვრამდე იმოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 845 343 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 14 204 და გამოჯანმრთელებულია 451 118 ადამიანი.