Facebook-ი შეიძლება აიძულონ, საკუთარი აქტივები -WhatsApp და Instagram - გაყიდოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ და აშშ-ის თითქმის ყველა შტატმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელები შეიტანეს, რომლებშიც აღნიშნულია, რომ Facebook-მა კონკურენტების წინააღმდეგ „იყიდე ან დაასამარე“ სტრატეგია გამოიყენა.
მოსარჩელეები Facebook-ს კონკურენტების შეძენაში ადანაშაულებენ, კერძოდ კი ყურადღება გამახვილებულია ფოტოების გაზიარების აპლიკაცია Instagram- ზე, რომელიც კომპანიამ 2012 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა და ასევე WhatsApp-ზე, რომელშიც Facebook-მა 2014 წელს 19 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.
”თითქმის ათი წელია, Facebook-ი საკუთარ დომინანტურ და მონოპოლურ ძალას მცირე მეტოქეების გასანადგურებლად და კონკურენციის მოსაშორებლად იყენებს და ის ამას ყოველდღიური მომხმარებლების ხარჯზე აკეთებს,” - განაცხადა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიტია ჯეიმსმა 46 შტატის, ვაშინგტონისა და გუამის კოალიციის სახელით.
აღსანიშნავია, რომ ალაბამას, ჯორჯიას, სამხრეთ კაროლინასა და სამხრეთი დაკოტას შტატები სარჩელების შეტანაში არ მონაწილეობდნენ.
Facebook-ის გენერალურმა კონსულტანტმა ჯენიფერ ნიუსთედმა სარჩელებს "რევიზიონისტული ისტორია" უწოდა და აღნიშნა, რომ ანტიმონოპოლური კანონები "წარმატებული კომპანიების" დასასჯელად არ არსებობს. მისი თქმით, WhatsApp– მა და Instagram– მა წარმატებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც Facebook– მა აპლიკაციების გასავითარებლად მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.