შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ მობილობის შემცირება აღინიშნება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სავაჭრო ცენტრები, სატრანსპორტო ჰაბები, თუ სხვა ლოკაციები; მობილობის საშუალო შემცირება ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანია და გაცილებით მაღალია ეს მაჩვენებლები თბილისში, რაც პოზიტივის მაჩვენებელია, - ამის შესახებ ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ნაწილს, გიორგი გოცაძის შეფასებით, თითოეულ ინტერვენციას, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, სჭირდება ორიდან სამ კვირამდე, რომ რეალური შედეგი აჩვენოს.
„თუ რა შედეგს მოგვცემს ეპიდემიოლოგიურად ეს შეზღუდვები და მობილობის შემცირება, ამაზე დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ ნაადრევია. ამ დასკვნების გაკეთებაში კი კიდევ უფრო დაგვეხმარება გაფართოებული ტესტირება. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი 10 დღე, 2 კვირა, რომ დავაკვირდეთ, თუ რა შედეგს ვიღებთ ეპიდემიოლოგიური კუთხით. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი დატვირთვაა როგორც სასწრაფო დახმარებაზე, ისე ჰოსპიტალურ სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი უკვე დიდი ხანია დაძაბულობის პირზე მუშაობს და ეს არ ხდება მხოლოდ ბოლო დღეებში, ამიტომ უნდა დავინახოთ, ყველა ეს გატარებული ღონისძიება რა შედეგს მოგვცემს როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ჰოსპიტალური სექტორის კუთხით, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე და ჩვენი ოჯახის წევრები“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ქცევაც, ვინაიდან დღეს სახეზეა ეპიდემიასთან გარკვეულწილად შეგუების ტენდენცია, რაც ცუდია.
„მართალია, გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ნიღაბს ატარებენ, სოციალური დისტანციას ინარჩუნებენ, ან ცდილობენ გადაცემა შეამცირონ, როგორც ქვეყანაში ასევე საკუთარ ოჯახში, მაგრამ ალბათ მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის. კიდევ მეტია საჭირო, საზოგადოების როლი უშუალოდ ამ დამყოლობის გაზრდაში და ქცევითი ნაწილის შეცვლაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ყოველივე ეს ალბათ გახდება იმის წინაპირობა, რომ ვიმსჯელოთ 24-ში შემსუბუქებების კუთხით. რისკები მაღალია და ამაზე მეტყველებს ყველა ის ქვეყანა, რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, ძირითადად ჩრდილოეთის ნაწილში, სადაც ჩვენ ვხედავთ ეპიდემიის ზრდას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა სხვადასხვა სიმძიმის, სირთულის თუ სიხისტის შეზღუდვები გაატარეს. შესაბამისად, ჩვენს მსჯელობაში სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რათა დავაკვირდეთ მათ მიერ გატარებულ პოლიტიკურ თუ შემზღუდველ ღონისძიებებს მობილობის შესამცირებლად და ერთობლიობაში მიღებული შედეგებით გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.