ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 109 ფაქტი გამოვლინდა

ნოემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 109 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 294 მ3-მდე ხე-ტყე.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 109 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 45 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 ფაქტი, იმერეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 10, შიდა ქართლში - 6, აჭარაშიც -6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“,-აღნიშნავენ უწყებაში.