10 მლნ-ის ზარალი ერთ დღეში - „რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება“

„დღეს რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნება,“ - ამის შესახებ, "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 6 სავაჭრო ცენტრი („სითი მოლი", "თბილისი მოლი", "ისთ ფოინთი", "თბილისი ცენტრალი", "გლდანი მოლი", "ქარვასლა") და ბრენდული რითეილერები მთავრობისგან ითხოვენ, რომ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან - 3 იანვრის ჩათვლით მიეცეთ.

„ეკონომიკური კრიზისის პიკი ჯერ ნამდვილად არ დამდგარა. შესაბამისად, ამ კუთხით აღმავალ ტრენდზე ვართ, ასე ვთქვათ. ჯგუფმა, რომელსაც მე წარმოვადგენ თითქმის 300 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, აქ არიან ინვესტორები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, ბრიტანეთიდან. მათ ნდობა გამოუცხადეს ქვეყანას და დღეს ჩვენ, ქართველ მენეჯმენტს გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში მათთან მუშაობა, მათი დარწმუნება რომ მეტნაკლებად სიტუაცია სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება. ამ 6 ცენტრის 80 % არის ძირითადად უცხოური კაპიტალით დაფინანსებული; ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ ცენტრებში. უზარმაზარი დრო და ენერგია გვაქვს დახარჯული იმ ბრენდების შემოყვანაში, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში. ამას წლები სჭირდებოდა. დღეს კი, იმ მოცემულობაში რაშიც ვართ, რისკის ქვეშ დგას არათუ ახალი ინვესტიციების განხორციელება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი. რამდენიმე ბრენდმა უკვე დატოვა საქართველო, რამდენიმე კი იგივეს აპირებს.

მარტო ამ 6 ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ დეკემბერზე ვისაუბრებ, რადგან წლიური ბრუნვის 25% სწორედ ამ თვეში ხორციელდება, ყოველი დღე მარტო ამ 6 სავაჭრო ცენტრს უჯდება 10 მლნ ლარი. თვიურ ჭრილში, ეს არის 300 მილიონის ბრუნვა, რაც დაიკარგება მარტო ამ 6 ცენტრში. დარგზე რომ განვავრცოთ, ჩვენ 30% გვიკავია, 1 მლრდ ლარი იქნება ქართული ეკონომიკის დანაკარგი.

გვესმის ეს სიტუაცია, რაც არის ქვეყანაში, რომელიც გადაიზარდა უკვე ეკონომიკურ კრიზისშიც. აქედან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უსმინო ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის მაჯაზე უდევს ხელი და რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს თუ რასთან გვაქვს საქმე,“-განაცხადა ყარალაშვილმა.

თაია არდოტელი