სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას შეუერთდა.
სააგენტოს ცნობით, „უსაფრთხო ცის“ პირველი ყოველწლიურ ფორუმის ფარგლებში, მოწვეულმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს კანადის მიერ ინიცირებულ „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას, რომელსაც საქართველოს სახელით, ერთობლივ განცხადებას (Safer Skies Statement) შეუერთდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.
„კანადის ტრანსპორტის სამინისტროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8-9 დეკემბერს „უსაფრთხო ცის“ პირველი ყოველწლიურ ფორუმი (Safer Skies Forum) გაიმართა. ვირტუალური შეხვედრის მიზანს კონფლიქტის ზონებში, სამოქალაქო ფრენებისთვის შექმნილი საფრთხეების და რისკების შემცირების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ფართო დიალოგის გამართვა და ერთობლივი სამომავლო ღონისძიებების დასახვა წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კანადის ტრანსპორტის მინისტრი მარკ გარნო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი სალვატორე შაკიტანო. ფორუმის ფარგლებში, მოწვეულმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს კანადის მიერ ინიცირებულ „უსაფრთხო ცის“ ინიციატივას. საქართველოს სახელით, ერთობლივ განცხადებას (Safer Skies Statement) შეუერთდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო ფრენების თაობაზე ინფორმაციის, საუკეთესო პრაქტიკისა და მაფრთხილებელი შეტყობინებების ურთიერთგაზიარების მექანიზმის გაუმჯობესება, ეროვნული მოთხოვნების შემუშავება ავიაგადამზიდველებისთვის და მათთვის რისკების შეფასების მოთხოვნა უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, საფრთხის შემცველ სიტუაციებში, საავიაციო ხელისუფლებებს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოებსა და ეროვნულ თავდაცვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და სხვა. როგორც ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებულ პრაქტიკის სრულყოფის კუთხით, ცვლილებები შევიდა ჩიკაგოს კონვენციის დანართებში, გამოიცა მრავალი ცირკულარი და შემუშავდა ახალი სახემძღვანელო (ICAO manual on Risk Assessment for Civil Aircraft Operations Over or Near Conflict Zones), რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ოპერირების რისკის შეფასებას. სალვატორე შაკიტანოს თქმით, გააქტიურდა მუშაობა ICAO-ოს წევრ სახელმწიფოებთან და მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საფრთხეების შემდგომი შერბილების თვალსაზრისით. „უსაფრთხო ცის“ ინიციატივით კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა. ინიციატივა ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას საომარი მოქმედებების დროს, კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და რისკების შემცირების მიზნით",-აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.