დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია. მისივე თქმით, შეინიშნება მცირე სტაბილიზაციის ელემენტი, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ამასთანავე, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ტესტირების მაჩვენებელი არსებულ დონეზე უნდა შენარჩუნდეს და შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
„ჩვენ რომ პიკში ვართ, გიდასტურებთ. მე გითხარით, რომ არის ძალიან პატარა სტაბილიზაციის ელემენტი. გაზრდილი ტესტირების რიცხვთან გამოვლენილი შემთხვევების შეფარდება არის თითქმის ერთ დონეზე, ანუ დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ დაიძრა ქვემოთ, რაც გარკვეულად პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საფუძველს, ნამდვილად, არ გვაძლევს. ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში ეს მასობრივი ტესტირება უნდა გავაგრძელოთ და შეიძლება კიდევ მეტზეც ავიდეთ და ვნახოთ ამის საფუძველზე თუ როგორი იქნება დადებითობის მაჩვენებელი. წესით ის თანდათანობით უნდა შემცირდეს თუ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.