თუ ჩვენ, 95% ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, გაძლევთ პირობას, რომ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაწესებულ შეზღუდვებს უკვე აქვს ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, დასტაბილურდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური ტესტირების მაჩვენებელი დავიჭიროთ მომავალი ორი თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი დავასტაბილურეთ დაახლოებით იმ დონეზე, როგორიც გვაქვს ანუ 4 დან 5 000 - მდე ფარგლებში, ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ხდება მათი სწრაფი გამოვლენა და სწრაფი იზოლირება. გამოვლენილთა შორის გახლავთ შემდგომ მსუბუქად მიმდინარე პაციენტები, რომელთა იზოლირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველკვირეულად უფრო ფართო შეჯამებას მოგახსენებთ ხოლმე, ამას მნიშვნელობა ექნება 24 -ის შემდგომ გამოცხადებულ გარკვეულ შემსუბუქებასთან მიმართებაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო.
მოგეხსენებათ ექიმები უფრო რადიკალურები ვართ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს შემზღუდველი ღონისძიებები მოქმედებს, უკვე ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციაში, მიუხედავად ტესტირების ზრდისა და ასევე ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია. კარგია, რომ 10% -ით, 55-დან 65%-მდე გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექნა გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა. თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 75%-ზე ერთ კვირაში, მერე 80 და მერე 90%, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას. თუ ჩვენ 95% -ში ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, განახევრდება მომავალ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა. მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ საზოგადოება და ჩვენ ექიმები, რომ ვატაროთ ყველგან ყველამ პირბადე, დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია, გაძლევთ პირობას განახევრდება ორ სამ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში,“- განაცხადა გამყურელიძემ.
მისივე თქმით, პირბადე ხელს შეუწყობს იმას, რომ ინიფიცირებულთა რაოდენობა ჩამოვიდეს 2000-მდე, თუმცა, იმისთვის, რომ სერიოზულად შემცირდეს, საჭიროა სხვა რეკომენდაციების დაცვაც.
„შემზღუდველი ღონისძიებები, პირბადე, დისტანცია, ხელების შირი დაბანა, პირველადი და ჰოსპიტალური ჯანდაცვა და ტესტირება, ეს გახლავთ სანამ ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების წამალი იქნება ჩვენი იარაღი. თუ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ წარმატებით სერიოზულად შევამცირებთ ინფიცირებულთა მაჩვენებელს,“- განაცხადა გამყრელიძემ.