„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერით, კომპანია „ჟირაფის" პროდუქცია აშშ-სა და იაპონიაში იყიდება

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ „ჟირაფი" პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime" დასწრება შეძლო, სადაც კომპანიის უცხო და კრეატიულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „ჟირაფმა" მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და უკვე დაიწყო პროდუქტების ექსპორტზე გატანა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იპონია და აშშ.

„სააგენტოს ექსპორტის მხარდაჭერით, პირველად მივიღეთ მონაწილეობა პარიზის საერთაშორისოდ აღიარებულ საბავშვო გამოფენაში, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჩვენი ნაქსოვის სამოსი უკვე იყიდება იაპონიასა და აშშ-ში," - განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსო გვაზავამ.

მისივე თქმით, კომპანია ამ ეტაპზე მომდევნო გამოფენისთვის და შეკვეთებისთვის ემზადება და ასევე, წარმოების გაზრდას გეგმავს. ამასთანავე, სულ მალე ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის პროდუქცია ონლაინ მათი ვებგვერდიდან შეიძინონ.

„საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვნებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ადგილობრივ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.