კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ბელარუსი ქვეყნიდან გამსვლელებისთვის სახმელეთო საზღვრებს კეტავს.
მედიის ინფორმაციით, დღეს გამოქვეყნდა ბელარუსის მთავრობის 7 დეკემბრით დათარიღებული რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ბელარუსში ცხოვრების უფლების მქონე უცხოელებისთვის სახმელეთო საზღვრის საშუალებით ქვეყნის დატოვების უფლების დროებით აკრძალვას ითვალისწინებს.
შეზღუდვა არ ეხება ქვეყანაში შემსვლელ პირებს, თუმცა, ისინი ვალდებულები არიან, 10-დღიანი თვითიზოლაცია გაიარონ. ამასთან, 6 წლის ზემოთ ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან წარადგინონ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შეზღუდვები ძალაში რეზოლუციაზე ხელმოწერიდან 10 დღის შემდეგ შედის.
ცნობისათვის, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბელარუსში, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 152 453 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანაში ვირუსს დღემდე 1 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.