მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ინვესტიციების ზრდის დაბალი ტემპის მთავარი განმაპირობებელი ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობაა. ინვესტიციები მცირდება ბოლო სამი წელია - ამის შესახებ, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის გადაცემაში ,,საქმე“ საუბრობს.
რამაზ გერლიანი იმ ფაქტორებსაც ასახელებს, რაც ინვესტიციების ზრდის მაღალ ტემპს შეუწყობს ხელს.
,,დამაბრკოლებელი ფაქტორებიდან, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას შეუშალა ხელი, მხოლოდ ერთ-ერთი პანდემია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მუდმივი კლება ამ კუთხით, ამიტომ მხოლოდ კოვიდ 19-ს ვერ დავაბრალებთ. რასაკვირველია, მთავარი ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობაა, ამ მხრივ კი მოვიკოჭლებთ ყველაზე მეტად.
სფერო, რომელიც უნდა იყოს ყველაზე დიდი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, გადის მესამე, მეოთხე ადგილზე ან ვერ იკავებს ხოლმე საპატიო ადგილსაც კი ხუთეულში. ესენია უძრავი ქონება და საფონდო მიმართულება. მიზეზი იმისა, რომ სამეწარმეო სექტორი ვერ ხვდება ამ მხრივ ფლაგმანი, ზოგადად ბიზნეს გარემოა. ზოგად ფონს, მცირე ნაბიჯები ვერ ჰყოფნის. ვერც მხოლოდ ინდექსები. გარემო გაფუჭებულია წინდაუხედავი რეგულაციებით, რომლის ნუსხაც ძალიან დიდია.
ტენდენცია გვიჩვენებს, როგორ მოქმედებს ნებისმიერი წამახალისებელი თუ დამთრგუნველი პოლიტიკა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. მაგალითად, ზრდა მშენებლობის სექტორში განაპირობა შეღავათებმა დეველოპერებისათვის, რამაც სფერო წაახალისა. ინვესტიციების მკვეთრი ზრდისათვის აუცილებელი პირობაა საფონდო ბაზრის განვითარება, რომელიც გადის კერძო საკუთრების დროულ ფორმირებაზე“- ამბობს რამაზ გერლიანი.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში 302.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.