პანდემიის, ვირუსის გავრცელების, ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის და ბევრი სირთულეების ფონზე, 2020 წელს ძალიან გააქტიურდა თაღლითური სქემები. მოტყუებით შექმნილმა ონლაინ პლატფორმებმა ხალხის პირადი მონაცემები გამოიყენეს და ბევრმა ფინანსური ზარალიც განიცადა.
თაღლითური სქემები ხორციელდებოდა ქველმოქმედების სახელითაც. ალბათ, ბევრს ჰქონია შეხება ე.წ. COVID19-ის საწინააღმდეგო საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახალი დაფუძნებულები იყვნენ და შესაძლოა, ფულის გადახდაც გაიძულეს.
ინტერნეტში თაღლითები გამოჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ COVID-19 ვაქცინის შემუშავებისთვის ფინანსები სჭირდებოდათ, მხარდაჭერის ნიშად კი, ფულის გადარიცხვას ითხოვდნენ.
მსგავს ვითარებაში აუცილებლად უნდა დააკვირდეთ დეტალებს. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები ძნელი შესამჩნევია, მითითებას იმის შესახებ, რომ კონკრეტული კომპანია არაავტორიზებულია, სადმე მაინც იქნება. გახსოვდეთ, არ გადახვიდეთ ელფოსტის ან ტექსტური შეტყობინებების ნებისმიერ ბმულზე, რადგან მათ შესაძლოა, ყალბი ვებ-გვერდებისკენ გადაგამისამართოთ, რომელიც რეალურად გამოიყურება.
თაღლითობები, COVID19-თან მებრძოლი კომპანიების სახელით
საქველმოქმედო ორგანიზაციები, არაკომერციული ორგანიზაციები და მთავრობებიც კი, რომლებიც მხარს უჭერენ კორონავირუსის შემამსუბუქებელ ღონისძიებებს, ასეთი თაღლითების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ. მაგალითისთვის, კომპანია, სახელწოდებით IMPACT Medical & Surgical Solutions, ატყუებდა ნიუ-იორკის შტატს. მან ისარგებლა ხალხის სასოწარკვეთილებით და შემოიღო გაზრდილი ფასები ყალბ ნივთებზე, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნოდა.
სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ლეგიტიმური ორგანიზაციებიც იტყუებიან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შევაფასოთ ნივთის ღირებულება ფასთან მიმართებით. თუ თვლით, რომ რაიმეს არარეალურად იაფად გთავაზობენ, აუცილებლად გადაამოწმეთ.
COVID19 -ის თაღლითობის მსხვერპლი აშშ-ც გახდა
COVID19 პანდემიის დროს თაღლითები ტექსტურ შეტყობინებებსაც იყენებდნენ. ისინი სთხოვდნენ ადამიანებს COVID-19 მხარდაჭერის გრანტზე დარეგისტრირებულიყვნენ. ხშირ შემთხვევაში, ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ყალბი მისამართიდან არის გამოგზავნილი, რომელიც სახელმწიფო უწყებების დასახელებას ძალიან ჰგავს. სანამ სადმე ფულს გადარიცხავთ, კარგად დააკვირდით მისამართებს.
კორონავირუსის პანდემიის დროს, თაღლითებმა აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის ზომებით სარგებლობა სცადეს. აცხადებდნენ, რომ ისინი IRS ან სხვა სამთავრობო საგადასახადო სააგენტოების წარმომადგენლები იყვნენ.
ნოემბერში IRS-მა მოსახლეობა SMS-თაღლითობის შესახებ გააფრთხილა. ისინი ხალხს საბანკო ანგარიშის დეტალების გაზიარების სანაცვლოდ, 1 200 დოლარის ჩარიცხვას ჰპირდებოდნენ. სამწუხაროდ, მათ ბევრმა დაუჯერა და უამრავი საბაკო ანგარიშიც გატყდა.
გახსოვდეთ, სამთავრობო უწყება არასდროს მოგთხოვთ საბანკო ანგარიშის შესახებ კონფიდეციალური ინფორმაციის გაგზავნას მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
თაღლითები, რომლებიც სახლის პირობებში COVID19-ის ყალბ ტესტირებას გვთავაზობენ
ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა ყალბი კომპანიების "ფეისბუკ" გვერდები, რომლებიც ინფიცირებულებს და არა მხოლოდ, ტესტის გაკეთებას სახლში მისვლით სთავაზობდნენ.
მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დანერგილა. გახსოვდეთ, ტესტის გაკეთება მხოლოდ მედიცინის მუშაკის პრეროგატივაა.
დასუფთავების ყალბი ვებსაიტები
ვინაიდან კორონავირუსულმა პანდემიამ დასუფთავების საშუალებების დიდი ნაწილი უბრალოდ გააქრო, სფეროში მომუშავე თაღლითებმა დრო იხელთეს.
ინტერნეტში გამოჩნდა Clorox და Lysol-ის ყალბი ვებ- გვერდები, სადაც შესაძლებელი იყო ჰიგიენური საშუალებების ონლაინ გამოწერა. უბრალოდ, მომხმარაბელი პროდუქციას ვერასდროს მიიღებს.
ბებიის და ბაბუის მოტყუება
მსგავსი თაღლითური პრაქტიკა საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა მსოფლიო ასეთ შემთხვევებს დიდი ხანია ებრძვის. საქმე იმაშია, რომ პირადი მონაცემების მოპოვების შემდეგ, უცხო პირები მოხუცებს შვილიშვილის სახელით ურეკავენ ან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობენ და სასწრაფოდ სჭირდებათ ფული.
ვინ არ დაეხმარება გასაჭირში მყოფ შვილიშვილს?
სოციალური დისტანცირების პირობებში, მსგავსმა თაღლითურმა სქემამ მართლაც ბევრი ადამიანი მოატყუა.
ცხოველების ყიდვა-გაყიდვის ყალბი საიტები
2020 წელს მხოლოდ მარტსა და აპრილში ცხოველების შეძენის მსურველებმა თაღლითური გზით 265 ათასი დოლარი დაკარგეს. ინტერეტში მრავლად გამოჩდა საიტები და “ფეისბუკ“ გვერდები, სადაც სასურველი ჯიშის ცხოველის ყიდვა შეღავათიან ფასში არის შესაძლებელი. ნაწილი წერს, რომ ლეკვი საზღვრებს გარეთ იმყოფება და მათი გამოწერა უნდა მოხდეს.
თაღლითები თანხის წინასწარ გადახდას ითხოვენ.
ყალბი ონლაინ ბაზარი
იმის გამო, რომ 2020 წელს პანდემიამ ონლაინ ვაჭრობა უფრო ტენდენციური გახადა, თაღლითები ამ მხრივაც გააქტიურდნენ. eBay- ის, Depop- ისა და Facebook Marketplace-ის გვერდებზე დარეგისტრირდნენ ყალბი გამყიდველები, რომლებიც სასურველ ნივთებს იაფად ყიდდნენ. რა თქმა უნდა, სქემა აქაც იგივეა, თანხის წინასწარ გადარიცხვა არის საჭირო.
დაფიქსირდა დიდი ოდენობით მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, MacBooks, მანქანების და ფეხსაცმელის გაყიდვა, რომელიც სინამდვილეში არავის ეკუთვნოდა და გამყიდველი ნივთებს არც ფლობდა.
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ რეალობასთან აცდენილი დაბალი ფასი თაღლითური სქემის ერთ-ერთი პირველი ნიშანია. არავის გაანდოთ თქვენი პირადი მონაცემები, საბანკო ანგარიში, გადარიცხვის კოდი და ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თქვენს ფინანსებს უცხოსთვის ხელმისაწვდომს გახდის.