საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს, მათ ასოციაციებს შეხვდა და სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები განიხილა.
„საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნათია თურნავას შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და დიდი იმედი აქვთ, რომ როგორც კი მოწესრიგდება ეპიდვითარება, ექნებათ მუშაობის დაწყების საშუალება.
„ელოდებიან, პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ საკითხს და მზად არიან, კიდევ უფრო მეტად გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები," - განაცხადა თურნავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.