ევროკავშირმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ლიდერებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბლოკმა ბიუჯეტის დამტკიცება მას შემდეგ შეძლო, რაც უნგრეთმა და პოლონეთმა, რომლებიც ბიუჯეტს ეწინააღმდეგებოდნენ, ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვეს.

ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა.

„ახლა ჩვენ შეგვიძლია განხორციელება დავიწყოთ და ეკონომიკა აღვადგინოთ,“ - წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპა წინ მიიწევს“.

„1.8 ტრილიონი ევრო ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად და უფრო მდგრადი, მწვანე და ციფრული ევროკავშირის შესაქმნელად”, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერში“.

ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ უნგრეთი და პოლონეთი. მათ თავდაპირველად ვეტოს უფლებაც გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, გერმანიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს.

1.8 ტრილიონი ევროს პაკეტი მოიცავს მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს (MFF) - ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს, 750 მილიარდი ევრო კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.