ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს

ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ინფორმაციით, ჩარჩოს შემუშავება ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მოხდა.

"ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა კიდეც, მათ შორის, აღსანიშნავია ფინანსური ინოვაციების ოფისისა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. სწორედ ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ 2020 წლის პირველ ნახევარში ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს. ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო სტანდარტის დანერგვა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებსა ან/და ფინტექებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, შეამცირონ არსებული პროდუქტის ღირებულება ან/და გაზარდონ მომხმარებელთა ცნობიერება საწყის ეტაპზე, ღია ბანკინგის პირველი ვერსია მხოლოდ ბანკების მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი. სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვისაა გათვალისწინებული.

კომერციული ბანკების მომხმარებლები ამ მომსახურებით 2021 წლის 31 მარტიდან ისარგებლებენ. შემდეგ ეტაპზე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება - მათ შორის, გადახდების ინიცირებაც - იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია ღია ბანკინგის სტანდარტის განვითარებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ჩარჩოს სამუშაო პროექტს აქვეყნებენ. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს (innovationoffice@nbg.gov.ge) ან საბანკო ასოციაციას (obstandards@association.ge). ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://bit.ly/obankge",-აღნიშნულია ინფორმაციაში.