სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“ 2019 წელიც ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშშია აღნიშნული.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, „ისთ ფოინთი“ (CBD დეველოპმენტი) 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი - 250-ს აღემატება.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2019 წელს წმინდა შემოსავალი ქირავნობის აქტივებიდან იყო - 30,013 მლნ ლარი; მათ შორის იჯარის შემოსავალი - 28,247 მლნ ლარი. საოპერაციო მოგებამ შეადგინა 16,337 მლნ ლარი; წლის ზარალი კი - 34,612 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია 149,193 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.
ანგარიშგების მიხედვით, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯები საპროცენტო ხარჯებს უკავშირდება. კომპანიას აქვს 238 მლნ ლარის მოცულობის გრძელვადიანი სესხი. 2019 წლის განმავლობაში “CBD დეველოპმენტმა” ამ ვალდებულების მომსახურებისთვის 35,186 მლნ ლარი გადაიხადა.
ამასთან, 2019 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენდა 355-ს, რომელთა ხელფასებზე შარშან 7,408 მლნ ლარი გაიცა.
2019 წელს „ისთ ფოინთს“ 9 მლნ ვიზიტორი ესტუმრა. დოკუმენტის მიხედვით, სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელმა კი 95% შეადგინა.
„ისთ ფოინთის“ იურიდიული დასახელება - შპს „სი ბი დი დეველოპმენტია“ (CBD დეველოპმენტი), რომელიც დაფუძნდა 2010 წლის 25 მაისს. 2018 და 2019 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო დამფუძნებელი კომპანია იყო EP Georgia Holdings Limited (კვიპროსი), საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი Quadrum Investment Management Limited (კაიმანის კუნძულები), რომელიც, თავის მხრივ, ინვესტორების სასარგებლოდ მართავს კომპანიას და საბოლოო 100%-ის მფლობელი ოლეგ პავლოვია.
“ისთ ფოინთი” თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. კომპლექსს 21 ჰექტარი უკავია და მისი მთლიანი ტერიტორია 107,000 კვადრატული მეტრს შეადგენს, აქედან 72,000 კვადრატული მეტრი საიჯარო ფართს წარმოადგენს.