„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს.
ამჯერად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი და მისი დამხმარე მოწყობილობები შეიძინა და კლინიკას საჩუქრად გადასცა.
„რამდენიმე კვირის წინ „საპარნტიორო ფონდის“ ხელმძღვანელი, ბატონი დავით საგენელიძე იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში და გადმოგვცა 10 000 პირბადე. იგი გაეცნო არსებულ სიტუაციას და გამოწვევებს. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ჟანგაბდის გაზრდილი ხარჯის გამო, გაჩნდებოდა დამატებითი რეზერვუარის საჭიროება. ბატონმა დავითმა მოახერხა ამ საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა,“ - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ოთარ დავითაძემ.
ავზი უკვე დამონტაჟებულია და მისი დახმარებით, კლინიკას საშუალება მიეცა, დღეისათვის არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით ჟანგბადის საჭიროების მქონე კოვიდ პაციენტებისთვის 72 საათის სამყოფი მარაგები უზრუნველჰყოს.
„შექმნილ ვითარებაში არსებული 6-ტონიანი რეზერვუარი ჩვენთვის საკმარისი აღარ იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დაგვხმარებოდა ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში და დამატებით თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი გადმოეცა ჩვენთვის,“ აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ზაზა ავალიანმა.
შეგახსენებთ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის მხარდაჭერით შექმნილი პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები „Faceguard“-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცეს.