დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ ვინ უხელმძღვანელებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის კომიტეტს, ასევე ინფორმაციას თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ ეს ადამიანები.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან:
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერი იყო, მე-10 მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. 2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. მსუბუქი ავტომობილი Mercedes-ი მისი შვილის სახელზე ფიქსირდება. ამასთან, მერის მოადგილის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 73 800 ლარი; ხოლო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორობისას - 15 196 ლარი შეადგინა. რაც შეეხება „ოცნების“ სიის მე-10 ნომრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მაია ბითაძეს საბანკო ანგარიშებზე - 2 872 ლარი და 2 436 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 30 000 ევრო და 25 000 ლარი ჰქონდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის მსგავსად, მე-10 მოწვევის პარლამენტშიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ირაკლი კოვზანაძე დაიკავებს. მისმა შემოსავალმა, ამ პოზიციაზე გასულ წელს 54 558 ლარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორისა და ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის გამგის პოზიციაზე კი - 20 222 ლარი შეადგინა. რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, 2020 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, კოვზანაძე ფლობს თბილისში 826 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და იმავე მისამართზე მდებარე ორ მიწის ნაკვეთს; ასევე აგარაკსა და მიწის ნაკვეთს წყნეთში და კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფონიჭალაში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი - MERCEDES-BENZ-ი. ფლობს აქციებს, „საქართველოს ბანკის ჯგუფსა“ და „საქართველოს კაპიტალში“.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი (სამგორი) დაასახელა. მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე სუბარის შემოსავალმა 2018 წლის 12 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში 37 472 ლარი შეადგინა. რაც შეეხება, უძრავ-მოძრავ ქონებას დეკლარაციის თანახმად, მის სახელზე მსგავსი ტიპის ქონება არ ფიქსირდება. უძრავ ქონებას მისი მეუღლე ფლობდა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მე-10 მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანი დაიკავებს. 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისმა შემოსავალმა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობისას - 57 792 ლარი შეადგინა. წილოსანი ფლობს თბილისში ორი არასაცხორებელი ფართის წილებს; დედაქალაქში მდებარე ორ ბინას; ავტოფარეხს და მიწის ნაკვეთს ურეკში. ამასთან, მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი Toyota. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება კი მისი მეუღლის სახელზე ფიქსირდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი რომან კაკულიას დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს. 2020 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სონღულაშვილი ფლობს თბილისში ბინას, ასევე მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში. მის მფლობელობაშია ასევე - მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი და აგარაკი კოჯორში. მისმა შემოსავალმა მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატობისას 43 975 ლარი შეადგინა. ის ფლობს ასევე წილებს რამდენიმე კომპანიაში, თუმცა ამ წილების მართვის უფლება სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.