საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, ტაქსიზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიების ნაწილმა, გაზარდა ტარიფიც.
,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ტაქსი ,,200-200“-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა.
,,მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ამოქმედდა, 20%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა ჩვენს სერვისზე. მიუხედავად ამისა, არ გაგვიზრდია ტარიფი და არც მძღოლების კონტინგენტის დამატება დაგვჭირვებია“- თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ ტაქსის ყველა დიდ კომპანიას დაუკავშირდა, მათ შორის მათაც, რომლის მკვეთრად გაზრდილ ტარიფზეც მომხმარებელი სოციალურ ქსელში ხშირად წერს, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს წერტილოვანი შეზღუდვებია და არა ლოქდაუნი.