Sanofi/GSK-მა კოვიდ 19-ის პოტენციურ ვაქცინაზე კლინიკური ცდები შეაჩერა

ფრანგული კომპანია Sanofi და ბრიტანული GlaxoSmithKline აცხადებენ, რომ მათ მიერ ერთობლივად შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გასავრცელებლად მზად 2021 წლის ბოლომდე ვერ იქნება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვაქცინამ კლინიკური ცდების დროს „არასაკმარისი იმუნური რეაქცია“ აჩვენა.

კომპანიების ინფორმაციით, პოტენციურმა ვაქცინამ ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდებთან შედარებით დაბალი იმუნური რეაქცია გამოიწვია, რის გამოც III ფაზის კვლევები, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა დაწყებულიყო, გადაიდება.

„კლინიკური ცდის შედეგებმა 18-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მსგავსი იმუნური რეაქცია აჩვენა, თუმცა უფრო ასაკოვან ადამიანებში იმუნური რეაქცია დაბალი იყო და ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ანტიგენის არასაკმარისი კონცენტრაციაა,“- აცხადებენ კომპანიებში.

მათივე ინფორმაციით, ახალი, ფაზა 2ბ კვლევის დაწყებას მომავალ წელს აპირებენ და იმედოვნებენ, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნას 2021 წლის ბოლოსთვის შეძლებენ.