კომპანია Tesla-ს მოუწია დროებით შეაჩეროს ბერლინის მახლობლად პირველი ევროპული გიგაქარხნის მშენებლობა. ამის მიზეზი ადგილობრივი ფაუნა გახდა. კონკრეტულად კი, გველები და ხვლიკები, რომელთა პოპულაციას Gigafactory Berlin-Brandenburg-ის ქარნხის მშენებლობა უქმნის საფრთხეს. ეკოაქტივისტებმა ტყის გაჩეხვაზე დროებითი სამართლებრივი აკრძალვის მოპოვება შეძლეს, წერს The Guardian-ი.
სასამართლო სარჩელი Tesla-ს წინააღმდეგ გერმანიის ორმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ: "ბრანდენბურგის მწვანე ლიგამ“ და “ბავარიის ბიომრავალფეროვნების ასოციაციამ“ შეიტანა. მათ სასამართლოსგან მოითხოვეს 83 ჰექტარი ტყის გაჩეხვის აკრძალვა, რომელიც ბერლინის სამხრეთით მდებარეობს. სარჩელის პასუხად კი, ფრანკფურტ-ონ-ოდერის ქალაქის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქმის განხილვამდე ამერიკულ კომპანიას მშენებლობას უჩერებს.
Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელში აქტივისტები უთითებენ, რომ ტყის მასივის გაჩეხვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადგილობრივი ბინადარი ხვლიკებისა და გველების განადგურება, ასევე სამშენებლო ტექნიკის მუშაობას შეუძლია შეაწუხოს ტყის სხვა ბინადრებიც, ზამთრის ძილის პერიოდში. ხოლო, მიწის სამუშაოები გრუნტის წყლებს შეუქმნის პრობლემას.
ცნობისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ეკოლოგების ბრძოლა Tesla-ს წინააღმდეგ უკვე თვეებია, რაც გრძელდება. თებერვალში ბერლინის უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და კომპანიას დროებითი მუშაობის უფლება მისცა. თუმცა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმაღლესი ინსტანცია, არ არის ცნობილი.